ჩვენ შესახებ

ქ. ბოლნისის N1  სკოლა დაარსდა  1942 წელს. თავიდან მას ერქვა ლუქსემბურგის საშუალო სკოლა, სადაც იყო ქართული სექტორი, 1943 წლიდან კი იწოდებოდა, როგორც ბოლნისის პირველი საშუალო სკოლა.   ახლანდელ შენობაში დაბა ბოლნისის პირველი სკოლა გაიხსნა 1950 წლის პირველ სექტემბერს და მას მიენიჭა სულხან-საბა ორბელიანის სახელი.      ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მისამართია: სულხან-საბა ორბელიანის ქ. 121. სკოლის სრული ფართია 8686 კვ.მ. ; განაშენიანების ფართი - 2122 კვ. მ. შენობა ორსართულიანია, აქვს შიდა და გარე ეზო, სპორტდარბაზი და ეზოში მდებარე მინი სტადიონი, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები. სკოლაში არსებობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, კომპიუტერული მეცნიერების კაბინეტ-ლაბორატორიები, საზოგადოებრივი მეცნიერებების, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენების, ხელოვნების კაბინეტები. სკოლას აქვს მომავლის ოთახი, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერებითა და სმარტ-დაფით. ასევე, სააქტო დარბაზი კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და ღონისძიებებისათვის. სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელიც მუდმივად შევსებადია.

მისია 

სსიპ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა პოტენციალის გამოვლენა და განვითარება, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ სიახლის შეცნობის მსურველ, განათლებულ და მზრუნველ მსოფლიო მოქალაქეებად, რომლებსაც შეუძლიათ გამოიჩინონ ინიციატივა  სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად.  არაფორმალური განათლების გაძლიერების, მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის, კლუბური მუშაობის ხელშეწყობის, სპორტის სწავლების წახალისების გზით შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად. სკოლა იზრუნებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, რისთვისაც უზრუნველყოფს სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და პროფესიული განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას. ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ბიზნესის პარტნიორობის განვითარებას. ეს კი მთლიანობაში განაპირობებს შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების ზრდას.                  

მომავლის ხედვა

ჩვენ გავხდებით რეგიონში აღიარებული ზოგადი განათლებისა და პროფესიული სწავლების ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც განვითარებაზე ორიენტირებული მოქნილი შიდა სისტემის ჩამოყალიბებით იზრუნებს მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა საჭიროებების მუდმივ დაკმაყოფილებასა და მათი უნარ-ჩვევების გამოვლენა/განვითარებაზე. შესთავაზებს ხარისხიან განათლებას, ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლას და უზრუნველყოფს შრომის ბაზარს კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრებით. გაიზრდება მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად.

ღირებულებები  

მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით:  პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება;   პატიოსნება და კეთილსინდისიერება;  სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა;  სამართლიანობის დაცვა;  ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება;   ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელებაში ხელშეწყობა;   პროფესიული ზრდა და განვითარება;   გუნდური მუშაობა